კონკურენტული, გამჭვირვალე, კარგად ორგანიზებული – ასეთია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ძირითადი შეფასებები 2 ოქტომბრის არჩევნებზე.
ეუთო/ოდირი, რომელიც მოკლევადიანი და გრძელვადიანი წარმომადგენლობითი მისიით იყო წარმოდგენილი, ხმების დათვლის პროცესსაც პოზიტიურად აფასებს, თუმცა გამოწვევად მიიჩნევს დაშინების, ამომრჩეველთა მოსყიდვის და ზეწოლის ფაქტებზე განცხადებებს, ასევე ხმების დათვლის დროს პროცედურულ ხარვეზებს, ასევე არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად აგრესიული რიტორიკის გამძაფრებას. ამ შეფასებებს ეთანხმება აშშ-ის საელჩოც, თუმცა მისი დღევანდელი განცხადება გაცილებით მწვავე აქცენტებს მოიცავს – საელჩო მიუთითებს სახელმწიფოს და პარტიულ რესურსებს შორის წაშლილ ზღვარზე, ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენებასა და პოლარიზებულ მედია გარემოზე. ასევე ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია თანხმდება, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკური სპექტრის მთავარი ფოკუსი მუნიციპალიტეტების პრობლემების ნაცვლად პოლიტიკური თემებისა და პირადი თავდასხმებისკენ იყო მიმართული.