მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს ეუთო/ოდირი 350 მოკლევადიანი დამკვირვებლით დააკვირდება. მისიის ხელმძღვანელი უკვე საქართველოშია. მან დღეს საზოგადოებას საარჩევნო პროცესების მონიტორინგის სპეციფიკა გააცნო. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი არჩევნების დღემდე დაგეგმილ აქტივობებს, ასევე მედიაგარემოსაც შეისწავლის, რისთვისაც ქვეყანაში გრძელვადიან მონიტორებს გამოგზავნის. ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილდებიან და საარჩევნო პროცესებთან ერთად, სახელმწიფო ინსტიტუტებსაც დააკვირდებიან.
წინასაარჩევნო და უშუალოდ ხმის მიცემის პროცესის მონიტორინგი 20-წლიანი ისტორიის მქონე სადამკვირვებლო მეთოდოლოგიით მოხდება, რის შემდეგაც საბოლოო დასკვნა მომზადდება. ეუთო/ოდირის გარდა, 2 ოქტომბრის არჩევნებს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კონკრეტული ქვეყნების მისიებიც დააკვირდებიან, თუმცა ეპიდემიური ვითარების გამო, მონიტორების რაოდენობა ჯერ დაზუსტებული არ არის.