ნატო-ს ორ წევრს შორის ურთიერთობა ისევ მწვავდება.
თურქეთსა და საბერძნეთს შორის უთანხმოება ამჯერად აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ამერიკული ნავთობკომპანიის მიერ რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილი ბუნებრივი აირის უზარმაზარ საბადოს უკავშირდება. ექსპერტების პროგნოზით, საბადო 40 მილიარდი დოლარის ღირებულების მარაგს შეიცავს, რაც თურქეთს მისი მოპოვებისკენ უბიძგებს. ანკარა ბუნებრივ წიაღისეულზე უფლებას არა მხოლოდ საკუთარ სუვერენულ უფლებად, არამედ კვიპროსის თურქული ნაწილის ეროვნული ინტერესის საგნადაც მიიჩნევს. უკვე დაანონსებული კვლევითი ოპერაცია საბერძნეთის გარდა ევროკავშირსაც აშფოთებს. წინა კვირას კი, ბერლინში გერმანიის შუამავლობით ანკარასა და ათენს შორის დავის მოსაგვარებლად ფარული მოლაპარაკებები გაიმართა.