საბერძნეთის ციხეში ინციდენტისას ქართველი პატიმარი მოკლეს

საბერძნეთის ციხეში ჩხუბის დროს რუსმა პატიმარმა ქართველი მსჯავრდებული მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „გრიკ რეპორტერი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გუშინ მოხდა.

გავრცელებული ცნობით, 43 წლის რუსი მსჯავრდებული 35 წლის ქართველ პატიმარს დაუპირისპირდა. ჩხუბის დროს რუსმა ქართველს მძიმე დაზიანება მიაყენა, რისგანაც ის გარდაიცვალა. ქართველი პატიმრის გარდაცვალება ნიგრიტას ციხეში დაადასტურეს. დამნაშავეს უახლოეს ხანში ბრალს პროკურატურა წაუყენებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ციხის ადმინისტრაციასთან საკონსულო დეპარტამენტს ჰქონდა უკვე კომუნიკაცია. მათივე ცნობით, ციხის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ჩხუბის დროს საქართველოს მოქალაქეობის მქონე პატიმარი გარდაიცვალა.

ჩხუბის გამომწვევ მიზეზებზე მიმდინარეობს გამოძიება. ნებართვის გაცემისთანავე კი ცხედარს საქართველოში გადმოასვენებენ. საკონსულო დეპარტამენტი გადმოსვენების პროცედურებს გარდაცვლილის ოჯახთან შეთანხმებით დაიწყებს“,- აცხადებენ საგარეო უწყებაში.