პარლამენტში დღეს ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდება. თავდაპირველად, კონსტიტუციური პროექტი საორგანიზაციო დეპარტამენტს წარედგინება, მოგვიანებით კი, ცვლილებების ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდება.
საუბარია ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლის გათვალისწინებითაც, 2020 წლის საპარლამნეტო არჩევნები 120/30 საარჩევნო მოდელით უნდა ჩატარდეს, საარჩევნო ბარიერი 1 % იქნება და იარსებობს ე. წ. 40 %-ანი ჩამკეტიც. კონსტიტუციური პროექტის ინიცირების შემდეგ მისი საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყება, ცვლილებების სამი მოსმენით დამტკიცება კი მაისის ბოლომდე იგეგმება. უკვე ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები ბიუროს სხდომას არ დაესწრებიან. როგორც ისინი ამბობენ, საპარლამენტო ბოიკოტს მანამდე გააგრძელებენ, სანამ მმართველი გუნდი ნაბიჯებს არ გადადგამს საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით და პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს. „პატრიოტთა ალიანსი“ კი საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს. ისინი აქტიურ საპარლამენტო საქმიანობას აანონსებენ.