საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება – ცესკო-ს სიები 19-მა სუბიექტმა წარუდგინა, ყველა მათგანი თვლის, რომ საარჩევნო სიები გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა, თუმცა, ადგილების განაწილება ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიაში ამ დრომდე შეფასებების თემაა. მაგალითად, გიორგი გახარიას პარტიულ სიაში არ არის მიხეილ დაუშვილი, რომელმაც, მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო.
განხილვისა და კრიტიკის მიზეზი გახდა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაც. გაირკვა, რომ კოალიციის ჩამონათვალში ერთ-ერთი აჰმედ იმამკულიევი იყო, რომელმაც მოგვიანებით განაცხადა, რომ ამის შესახებ თავად არაფერი იცოდა. საპასუხოდ, დღეს „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობაში“ თქვეს, რომ ძალით სიაში არავინ შეუყვანიათ.
საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია მმართველი გუნდი, ამის თქმის საფუძველს კი მათივე განმარტებით, სხვა არაერთ ფაქტორთან ერთად, ოპონენტების მიერ წარდგენილი სიებიც აძლევთ.