საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, ევროკომისიის რეკომენდაციებზე ერთობლივი მუშაობა ვერ ხერხდება.
ორი პარალელური სამუშაო პროცესის შედეგად მომზადდა ალტერნატიული კანონპროექტები. ერთ-ერთი სადავო პუნქტი საარჩევნო რეფორმას ეხება. მმართველი გუნდის და ოპოზიციის ნაწილის მიერ მომზადებულ პროექტს სამუშაო ჯგუფებს გამიჯნული სამი ოპოზიციური პარტია საკუთარ კანონპროექტს უპირისპირებს. „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის პროცედურის გამარტივებას, ასევე ცესკო-ს თავმჯდომარის და საარჩევნო კომისიების მხრიდან უფლებამოსილების მხოლოდ ერთი ვადით გამოყენების დათქმას გულისხმობს. ავტორები ხელისუფლებას სთხოვენ, რომ ვენეციის კომისიას მათ მიერ შემუშავებული პროექტიც გაუგზავნონ. მმართველი გუნდი საარჩევნო რეფორმის ალტერნატიულ ვერსიას სკეპტიკურად უყურებს, კითხვები აქვთ იმ ოპოზიციურ პარტიებსაც, რომლებიც ევროკომისიის პუნქტების შესასრულებლად „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობენ.