რა მოდელით ჩატარდება 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები, – საარჩევნო სისტემის საკითხი ისევ ღიად რჩება.
მმართველი გუნდი და ოპოზიცია საერთო პოზიციაზე შეჯერებას ვერ ახერხებენ. მხარეები ახლა საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით დაწყებული შეხვედრების მეხუთე რაუნდისთვის ემზადებიან. თუმცა ინიციატივები, რომლითაც ხელისუფლება და მისი ოპონენტები მოლაპარაკებათა მაგიდასთან მივლენ, ორივე მხარისთვის მიუღებელია. „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული ე. წ. 50-100-ზე მოდელი და ოპოზიციის მიერ შემუშავებული ე. წ. გერმანული ვარიანტი – ამ ეტაპზე სწორედ ეს ორი საარჩევნო წინადადებაა განხილვის საგანი.
დიალოგის მეხუთე რაუნდის წინ მმართველ პარტიას არასამთავრობო სექტორი მიმართავს.