ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით პარლამენტში მუშაობა გრძელდება. გაიმართა საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა. განხილვის საგანი იყო კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესის ჩატარება ელექტრონული წესით, ცვლილება კომისიების დაკომპლექტების წესში ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების წინააღმდეგ ეფექტიანი ნორმების შემუშავება და ჯარიმების გაზრდა.
ოპოზიციის ნაწილი შეხვედრაში არ მონაწილეობს. „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი ინიციატივების წარდგენას დამოუკიდებლად გეგმავენ. ოპოზიციის მეორე ნაწილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ მათ რეკომენდაციებს სრულად არ იზიარებს, თუმცა, რიგ მიმართულებებზე შეთანხმება შესაძლებელია. საარჩევნო რეფორმის გატარება კი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.