უცნობია, ისაუბრებს თუ არა პრემიერი უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნიდან მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე. თუმცა ფაქტია, რომ ახალი პარლამენტის არჩევის თარიღის მოახლოებასთან ერთად, სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობა სულ უფრო მწვავდება.
ოფიციალური ვაშინგტონის და ბრიუსელის მისამართით ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას უკავშირდება. მმართველი გუნდის ლიდერების ბოლოდროინდელ რიტორიკაში განსაკუთრებით გახშირდა ბრალდებები გარე ჩარევების გააქტიურების შესახებ. სწორედ გარე ჩარევად და მოსახლეობის ნებაზე ზემოქმედების მცდელობად განიხილება ყველა ის მძიმე განცხადება, რომლებიც ბოლო პერიოდში საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით ისმის. მათ შორის იგულისხმება გადაწყვეტილებები ახალ სასანქციო პაკეტზე და დაანონსებულ სხვა შეზღუდვებზე, ასევე არაოფიციალური ინფორმაცია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე, რასაც მმართველი პარტია ოპოზიციისთვის დღის წესრიგის შექმნად განიხილავს. კონკრეტული შეფასებების შემდეგ „ქართული ოცნება“ უკვე გამაფრთხილებელი მოწოდებებით გამოდის.