კონსენსუსი არ არსებობს, დიალოგი გრძელდება.
სამი უშედეგო რაუნდის შემდეგ ოპოზიცია ახლა ხელისუფლებისგან ელოდება ახალ შეთავაზებას. საარჩევნო მოდელზე სასაუბროდ მხარეები მოლაპარაკებათა მაგიდასთან სავარაუდოდ, პარასკევს კიდევ ერთხელ დასხდებიან. ე. წ. გერმანული მოდელის შემდეგ მმართველმა გუნდმა ის წინადადებაც დაიწუნა, რომელიც არსებულ მაჟორიტარულ სისტემაში ცვლილებას, ანუ მრავალმანდატიანი ოლქების შემოღებას გულისხმობდა. საპარლამენტო უმრავლესობა ოპონენტებს არჩევნების შერეული სისტემით ჩატარებას და საარჩევნო კანონმდებლობის გარშემო დიალოგს სთავაზობს. თუმცა, კანონთან ერთად ოპოზიცია საარჩევნო სისტემის შეცვლასაც ითხოვს. შეთანხმების არარსებობის მიუხედავად, ოპტიმისტური პროგნოზი აქვთ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ შექმნილ ვითარებაში მხარეებს შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებენ.