„ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს. პარტიის წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, დღეს მათ მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი საარჩევნო ადმინისტრაციებს აკომპლექტებს, რაც ცესკოსადმი ნდობის ჩამოშლის ტოლფასია.
ჩანაწერის მიხედვით, ინკოგნიტო პირი კრწანისის რაიონის საოლქო და საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს ესაუბრება, რომლებიც ამბობენ, რომ კომისიაში დასასაქმებელ პირთა სიებს მმართველი პარტიის კრწანისის რაიონის კურატორისგან იღებენ.
აუდიოჩანაწერის გამოქვეყნებას წინ უძღოდა ცესკო-ს განცხადება, რომელიც ორი დღის წინ გაკეთდა. ცესკო-მ მაშინ გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, გარკვეული პროვოკაციული ჩანაწერები გავრცელებულიყო, რადგან საოლქო კომისიებში საეჭვო პირების მხრიდან ზარები ხორციელდებოდა.
აღნიშნული პირები „ქართული ოცნების“ სახელით რეკავდნენ და კომისიის წევრებს მითითებებს აძლევდნენ.