პირველი ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკო-მ სამ საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-პიკერის თქმით, განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო და საოლქო კომისიებში დროებითი წევრების შერჩევა ღიად და გამჭვირვალედ წარიმართება. გორსა და კასპში პარლამენტის შუალედური და გურჯაანში მერის რიგგარეშე არჩევნები პირველ ოქტომბერს გაიმართება. შიდა ქართლსა და კახეთში, ჯამში 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება და მათგან 103 უბანზე კენჭისყრა თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩატარდება. 30 საარჩევნო უბანზე კი შედეგებს კვლავ ძველი მეთოდით, ხელით დაითვლიან. გორსა და კასპში შუალედური და გურჯაანში მერის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა და გურჯაანის მერმა, ზურაბ უტიაშვილმა თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს.