მცხეთაში გამართული პირველი რეგიონული შეხვედრის დროს ყურადღების ცენტრში უსაფრთხოების გაზრდილი ზომებიც მოექცა. პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარისთვის სცენაზე ტყვიაგაუმტარი მინა იყო დამონტაჟებული, რასაც ოპონენტების მხრიდან არაერთი ინტერპრეტაცია მოჰყვა. რატომ გახდა საჭირო უსაფრთხოების გაძლიერება და ბრონირებული ტრიბუნის მოწყობა – ამ კითხვის პასუხად ხელისუფლება ცოტა ხნის წინ დაწყებულ გამოძიებაზე მიუთითებს.
ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეს სუსი ბოლო რამდენიმე თვეა იძიებს, მოწმის სტატუსით დაკითხულია რამდენიმე ადამიანი. უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას „ქართული ოცნების“ ლიდერები გლობალურ პროცესებსა და ბოლო პერიოდში რამდენიმე ლიდერზე მომხდარ თავდასხმებსაც უკავშირებენ. მოსალოდნელ საფრთხეებზე და გაზრდილ რისკებზე საუბრის დროს მმართველი გუნდის წევრთა განცხადებების მთავარი ადრესატი „ნაციონალური მოძრაობაა“.