ოპოზიციურ ფლანგზე გადაჯგუფების და გამსხვილების პროცესი გრძელდება. გაჩნდა კიდევ ერთი ალიანსი. მოახლოებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ამჯერად გიორგი გახარიას გუნდისა და თეონა აქუბარდიას გზები გადაკვეთა. ოთხი წლის წინ პარლამენტში „სტრატეგია აღმაშენებლის“ სიით შესულმა დეპუტატმა, 2022 წელს ვაშაძის გუნდი დატოვა და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძო საკანონმდებლო საქმიანობა. წარსულში გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით, ახალ ტანდემს, ისევე როგორც ხაზარაძე-ელისაშვილის გაერთიანებას, სკეპტიკურად შეხვდა ოპოზიციის ნაწილიც. წარსულში ოპონენტები და ახლა უკვე პოლიტიკური პარტნიორები ერთობას საპარლამენტო თანამშრომლობით და ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივებით ხსნიან.
თათია ტაბეშაძე არკვევდა, – კიდევ რა კონფიგურაციებია მოსალოდნელი წინასაარჩევნოდ.