ჩანდა თუ არა გაფერადებული წრე ბიულეტენის უკანა მხარეს – პოსტსაარჩევნო ურთიერთბრალდებები პოლიტიკურ სივრცეს გასცდა.
სამართლებრივი დავები ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის წარუმატებლად დასრულდა. თითქმის 24-საათიანი განხილვის და სასამართლო დარბაზში ჩატარებული ექსპერიმენტების შემდეგ სააპელაციო სასამართლომ მესამე სექტორის წარმომადგენელთა საჩივრები არ დააკმაყოფილა. მათ შორისაა საია-ს საჩივარი, რომელშიც ხმის ფარულობის დარღვევის არგუმენტით ითხოვდნენ, გაუქმებულიყო ყველა იმ უბნის შედეგები, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა. ზედა ინსტანციაში გაუქმდა თეთრიწყაროს მოსამართლის რეზონანსული გადაწყვეტილებაც, რომლითაც ხმის ფარულობის დარღვევის მოტივით თეთრიწყაროს და წალკის 31 უბნის მონაცემები მოსამართლე ვალერი ხუჭუამ ბათილად გამოაცხადა. არ დაკმაყოფილდა სხვა დარღვევებზე მომზადებული საჩივრებიც. საჩივრების ავტორები სამართლებრივი დავის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაგრძელებას აანონსებენ. დღევანდელი გადაწყვეტილების ავტორი მოსამართლეთა კოლეგია მწვავე კრიტიკის სამიზნედ იქცა.