საარჩევნო დავების განხილვა სააპელაციო სასამართლოში

საარჩევნო დავების განხილვა სააპელაციო სასამართლოში გუშინ, 14 საათისთვის დაიწყო. უახლოეს დროში უნდა გახდეს ცნობილი, დარჩება თუ არა ძალაში თეთრიწყაროს მოსამართლის რეზონანსული გადაწყვეტილება უბნების შედეგების გაბათილების შესახებ. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას დადგენილება, რომლითაც თეთრიწყაროსა და წალკის ოლქში შემავალი რამდენიმე უბნის ელექტრონული შედეგები გაბათილდა, სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული. გუშინ დაწყებულ სხდომაზე სააპელაციო სასამართლომ გააერთიანა საია-სა და სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ სარჩელები და მოსამართლეთა ერთი კოლეგიის განხილვის ქვეშ მოაქცია. ჩატარდა ექსპერიმენტიც, ადგილზე მიიტანეს ხმის მიცემის აპარატი. ექსპერიმენტს მოსამართლეებიც აკვირდებოდნენ. ექსპერიმენტის კიდევ ერთი ნაწილი იყო კამერების მდებარეობა, გამოჩნდებოდა თუ არა რაიმე კვალი ბიულეტენზე სამი მეტრის დაშორებით. თუ რა შედეგი მიიღო ექსპერიმენტით სასამართლომ, გადაწყვეტილებას მოსამართლეები დასკვნაში ასახავენ.