საარჩევნო დავების განხილვა სააპელაციო სასამართლოში

უახლოეს საათებში უნდა გახდეს ცნობილი, დარჩება თუ არა ძალაში თეთრიწყაროს მოსამართლის რეზონანსული გადაწყვეტილება.

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას დადგენილება, რომლითაც თეთრიწყაროს და წალკის ჯამში 31 საარჩევნო უბნის შედეგები ბათილად გამოცხადდა, სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული. სხდომა მეორე ინსტანციაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შესახებ მოსამართლე ხუჭუას პოზიციას კატეგორიულად არ ეთანხმება ცესკო, რომელიც ახლა მოპასუხე მხარეა. ერთ-ერთ არგუმენტად ცენტრალური საარჩევნო კომისია საია-ს მიერ მომზადებულ ანალოგიურ საჩივრებზე პირველი ინსტანციის სასამართლოების განსხვავებულ გადაწყვეტილებას ასახელებს, რომლებიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თავადაც მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლო დღეს ამ საჩივრებსაც განიხილავს. საია-ს მოთხოვნაა, რომ არჩევნების შედეგები გაუქმდეს ყველა უბანზე, სადაც მოქალაქეებმა ხმა ელექტრონულად მისცეს.