არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით სამართლებრივი დავა არ წყდება.
ოპოზიციის და მესამე სექტორის ყურადღება ამ წუთებში საქალაქო სასამართლოსკენაა მიმართული. განიხილება გაერთიანებული საჩივარი. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და საია ყველა უბნის შედეგების ბათილად გამოცხადებას მოითხოვენ. მთავარ არგუმენტად ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა სახელდება. საჩივრების ავტორები ცესკო-ს კომპანია „სმარტმატიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევას ედავებიან და ამტკიცებენ, რომ არჩევნების წინ კომპანიის მიერ მიწოდებული მარკერები ჩანაცვლდა. ბრალდებებს ცესკო-ს იურისტი პასუხობს, რომელიც მოსარჩელეებს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაცნობას სთხოვს. არ დაკმაყოფილდა 56 მოწმის გამოკითხვის შუამდგომლობა. ახლა მტკიცებულებების მოკვლევა მიმდინარეობს. მოსამართლე ივერი აბაშიძეა, რომელსაც დღეს საჩივრის ავტორებისთვის სასამართლოს წესების შეხსენება დასჭირდა. დარბაზში ისმოდა პოლიტიკური განცხადებებიც. მოსამართლემ გადაწყვეტილება უახლეს საათებში უნდა გამოაცხადოს. შეგახსენებთ, რომ თითქმის ანალოგიური საჩივრები ცოტა ხნის წინ რამდენიმე ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამაც წარადგინა, თუმცა პირველმა და მეორე ინსტანციამ მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. გამონაკლისი მხოლოდ თეთრიწყაროს მოსამართლე იყო, რომლის გადაწყვეტილება ზედა ინსტანციამ გააუქმა.