საარჩევნო დარღვევების გამოძიება  

არჩევნების შედეგების არაღიარება და ცესკო-ს წინასწარი მონაცემების გაუქმება ოპოზიციის დღის წესრიგში მთავარ მოთხოვნად რჩება.

ხელისუფლების ოპონენტები გაყალბების რამდენიმე სქემაზე საუბრობენ, თუმცა ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ. პროკურატურასთან პრეტენზიები აქვთ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებიც უწყებას ძიების გაჭიანურებაში და კონკრეტული მტკიცებულებების მოპოვება-გამოკვლევის ნაცვლად ცესკო-ს შედეგების გამყარების მცდელობაში ადანაშაულებენ. ხმების გაყალბების შესახებ ოპონენტების მიერ მტკიცებულებებად მითითებული მასალები მანიპულაციებია ხელისუფლებისთვის, რომელიც საკუთარი ხმების მითვისების გამო პროკურატურაში თავად ჩივის. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ ათეულობით ამომრჩეველს არჩევანის გაკეთების უფლება შეუზღუდეს.