საარჩევნო ბარიერი და ოპოზიციის გეგმები

რა სტრატეგიას აირჩევს ოპოზიცია წინასაარჩევნოდ? პარტიები სამომავლო კოალიციებთან დაკავშირებით კონკრეტულ მოლაპარაკებებს ჯერჯერობით არ ადასტურებენ, თუმცა აქტიურად მსჯელობენ საარჩევნო ბარიერის გადალახვის გამოწვევაზე. ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას 5%-იანი ბარიერის 2 პროცენტამდე, ან სულაც ბუნებრივ ბარიერამდე დაწევისკენ მოუწოდებს. ნაწილი კი ბარიერის პრობლემას ვერ ხედავს. შედარებით მცირე პარტიები თვლიან რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის გზა სხვა პოლიტიკურ პარტიებთან გაერთიანებაზე გადის.

ოპოზიციის აზრით, არსებული ბარიერი პარლამენტის ორპარტიულობის საფრთხეს ქმნის. მმართველი გუნდი კი გადაწყვეტილების გადახედვას გამორიცხავს. ერთადაც და ცალ-ცალკეც – „ქართული ოცნება“, ორივე სცენარის შემთხვევაში ოპოზიციის მარცხში დარწმუნებულია.

შეგახსენებთ, რომ 2024 წელს, საპარლამენტო არჩევნები 5%-იანი ბარიერით, პირველად სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება.