საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი საწყობის მშენებლობა, სადაც საარჩევნო აპარატურა და სხვა ინვენტარი უნდა განთავსდეს, აქტიურად გრძელდება. პროცესს ცესკო-ს თავმჯდომარე გაეცნო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობის მომიჯნავედ, საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობებისთვის თანამედროვე სტანდარტების საწყობის მშენებლობა 5 თვის წინ დაიწყო. კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა უკვე დასრულებულია, ამ ეტაპზე შიდა სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. საწყობის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება მორგებული ბიზნესპროცესზე, რაც ელექტრონული მოწყობილობებისა და საარჩევნო ინვენტარის მომზადებას, შეფუთვას და საარჩევნო კომისიებში ცენტრალიზებული წესით დისტრიბუციას მოიცავს. მშენებლობის დასრულება აგვისტოს მეორე ნახევარში იგეგმება.