სააპელაციო სასამართლომ უჩა მამაცაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. „ანტიკორუფციულმა მოძრაობამ“ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წევრებს, ვასო ურუშაძესა და ლაშა ფარულავას მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის ჯარიმის სახით 5 000 – 5 000 ლარი დაეკისრა. მოძრაობის წევრები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ. უჩა მამაცაშვილის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, მოძრაობის წევრების მიერ ტელეეთერებში გაკეთებული განცხადებები ცილისმწამებლურია.