ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული ხუთივე პირის მიმართ განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს ძალაში დატოვა.
მოსამართლეთა კოლეგიამ დავით მამისეიშვილის თავმჯდომარეობით, არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლის თაობაზე. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ხუთ მსჯავრდებულს გამამტყუნებელი განაჩენი უსაფუძვლოდ აქვს გამოტანილი და ისინი უდანაშაულოები არიან. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 2021 წლის 16 მარტს გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულ ორ არასრულწლოვანს 10 წლით და ორი თვით, სრულწლოვნებს კი 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აკაკი ქვრივიშვილის, ვახტანგ ჩიქოვანის, არჩილ გაგნიძის, ზეზვა ხომასურიძის და ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატები დღევანდელი განაჩენის გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში, შემდგომ კი სტრასბურგის სასამართლოში გეგმავენ. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მყვინთავებმა მდინარე არაგვში იპოვეს. 2020 წლის 19 ივნისს გაუჩინარებამდე, შაქარაშვილი აგარაკზე, მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ინციდენტი მოხდა.