გზა ჩერნომორსკის პორტიდან სანზონამდე – ცნობილი ხდება საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოსვლის დეტალები და ის მარშრუტი, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა დაკავებამდე გაიარა.
ორ რეზონანსულ საქმეზე უკვე მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს დღეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება გააცნეს. ირკვევა, რომ სააკაშვილი საქართველოში ჯერ კიდევ 29 სექტემბერს, ანუ დაკავებამდე სამი დღით ადრე უკრაინის პორტიდან ფოთის ნავსადგომში შემოსული და რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით შემოვიდა. ფოთი-აბაშა-ბათუმი-აბაშა-თბილისი-ასეთია მოკლედ ის გზა, რომელიც მან საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ ციხეში მოხვედრამდე განვლო. დანაშაულის დაფარვის ბრალდებით საზღვრის კვეთის საქმეს დღეს კიდევ ერთი ფიგურანტი დაემატა. ელგუჯა ცომაიას კი, რომელიც, პროკურატურის ინფორმაციით, ექს-პრეზიდენტს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთაში დაეხმარა, ბრალი დაუმძიმეს. რუსთავის ციხეში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი შიმშილობას განაგრძობს.