შეფასებების თემაა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. საუბარია დავაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ხელისუფლებასთან წააგო. გადაწყვეტილება სტრასბურგმა სახელმწიფოს სასარგებლოდ მიიღო და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებების კონვენციის მუხლების დარღვევა ვერ დაადგინა. ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი განმარტავს, რომ განაჩენი პროცედურული ხასიათისაა, რაც სააკაშვილის ბრალეულობის საკითხს არ ეხება. მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება ქართული მართლმსაჯულების სისტემის გამართულ მუშაობას ნათლად ადასტურებს. „ქართული ოცნების“ წევრები ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებენ იმ ევროპელ დეპუტატებს და სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც თვეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანას ჰუმანიტარული მიზნით ითხოვდნენ და მას პოლიტიკურ პატიმარს უწოდებდნენ.