მიხეილ სააკაშვილის შეცვლილი პოზიცია.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სტრასბურგიდან საკუთარი საჩივარი უკან გამოითხოვა. საუბარია სარჩელზე, სადაც ის თავს წამების მსხვერპლად აცხადებდა. იმ მოტივით, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის, სააკაშვილის ადვოკატები ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამართლებრივ დავაზე უარს ამბობენ. როგორც დაცვის მხარე განმარტავდა, საჩივარში, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ერთი წლის წინ გაიგზავნა, ყოფილი პრეზიდენტი სიცოცხლის შესანარჩუნებელი ღონისძიებების გატარებას და სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას ითხოვდა. თავის დროზე სტრასბურგმა ამ მოთხოვნაზე უარი თქვა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ახლა უკვე თავად მიხეილ სააკაშვილის შეცვლილ პოზიციასთან ერთად ხელისუფლება ევროპარლამენტის იმ რეზოლუციებს უპირისპირებს, სადაც სწორედ ჯანმრთელობაზე აპელირებით ევროპელი დეპუტატები ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას მოითხოვენ.