უკვე მეორედ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
სტრასბურგმა ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლებრივ პროცესში სამართლიანობის დარღვევის ნიშნები ვერ დაინახა. გადაწყვეტილება ვალერი გელაშვილზე მომხდარი თავდასხმის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირების შეწყალების საქმეებს ეხება. სასამართლომ ამ საქმეებში პოლიტიკური მოტივებიც გამორიცხა და დაასკვნა, რომ სასამართლო განხილვების დროს ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა.
ვერდიქტს არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა საქართველოში. ნიკა გვარამიას, მელიას, „რუსთავი 2“-ის და ახლა უკვე ყოფილი პრეზიდენტის რეზონანსულ საქმეებზე სტრასბურგის გადაწყვეტილება ხელისუფლებისთვის ოპონენტების ცილისმწამებლური კამპანიის და ქართული მართლმსაჯულების პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფლების მორიგი მაგალითია. დღეს მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შარშანდელი გადაწყვეტილებაც შეახსენეს, როცა სტრასბურგმა სამკურნალოდ ექს-პრეზიდენტის უცხოეთში გადაყვანაზე უარი თქვა.