სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად დარჩენის საკითხზე სხდომა გადაწყვეტილების გამოცხადების გარეშე დასრულდა
კიევის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად დარჩენის საკითხზე სხდომა გადაწყვეტილების გამოცხადების გარეშე დასრულდა.
„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის ადვოკატებმა მოსამართლეების აცილების შუამდგომლობა დააყენეს. როგორც უმაღლესი რადას დეპუტატმა, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელმა, იური დერევიანკომ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლეების აცილების საკითხს საკასაციო ინსტანცია გადაწყვეტს. ამგვარად, მოსამართლეთა კოლეგიამ ადვოკატების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლოში პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დარბაზში იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები, რომლებსაც სასამართლოში მისვლისკენ თავად სააკაშვილმა ერთი დღით ადრე მოუწოდა. სასამართლოს შენობასთან გამკაცრებული იყო უსაფრთხოების ზომები.
3 იანვარს კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის სარჩელი და უკანონოდ არ ცნო უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა ლტოლვილად, ან დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირად აღიარებაზე.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 30-დღიანი ვადა ჰქონდა, თუმცა, უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა თავადვე გაასაჩივრა მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, რათა მისი დეპორტაციის პროცესი დაეჩქარებინა.