კოალიციური მმართველობის რეალობად ქცევისთვის ოპოზიციის ნაწილი სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს.
პრეზიდენტის სახელზე ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს, პროცესი პირველ მარტს უნდა დასრულდეს. მანამდე კი საკითხი მიუნხენის კონფერენციაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებამ გაააქტიურა. სიკორსკიმ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების მექანიზმის გამოყენებაზე ირიბად მიანიშნა, რაც ყოფილი პრეზიდენტის გუნდმა გათავისუფლების მოთხოვნად აღიქვა. „ნაციონალური მოძრაობა“ კლინიკაში მყოფი ლიდერის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვს.
„არა და არასდროს“ – შეწყალების თემაზე პრეზიდენტის მხრიდან ცალსახად დაფიქსირებული ამ პოზიციის მიუხედავად, მმართველი გუნდი ბოლოდროინდელი გზავნილების ფონზე სალომე ზურაბიშვილისგან შესაბამისი ნაბიჯის გადადგმას აღარ გამორიცხავს. „ქართული ოცნების“ ლიდერთა განცხადებებში გაფრთხილების და მუქარის ტონი ხშირდება. მაშინ როცა სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეების ნაწილზე განაჩენი ჯერ არც დამდგარა, პოლიტიკოსების ნაწილისთვის შეწყალების მოთხოვნა აზრს მოკლებულია.