მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი დღეს ექვსი საათი გაგრძელდა.
დაიკითხა მხოლოდ ერთი მოწმე – ამერიკელი ნევროლოგი, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ექსპერტიზის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული. თავის ტვინის, ზურგის ტვინისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დისფუნქცია – ეს არის დაავადებები, რაც ამერიკელი სპეციალისტის თქმით, მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს აწუხებს. როგორც შაჰინ ემანუელ ლახინი ამბობს, ყველაზე მძიმე დიაგნოზი, რომელიც სააკაშვილს დაუდგინდა დემენციაა. ამერიკელი სპეციალისტი აცხადებს, რომ ქართული ჯანდაცვის სისტემას ჩამოთვლილ დაავადებებთან გამკლავება არ შეუძლია და აუცილებელია სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანა. მოწმის ჩვენებამ ეჭვი გაუჩინა ბრალდების მხარეს. პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ფაქტია, რომ უცხოელი სპეციალისტები ზოგიერთ დიაგნოზზე შესაბამისი საფუძვლიანი კვლევების გარეშე საუბრობენ.