ხმაურიანი აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი.
სიტუაცია დარბაზში ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელის დაკითხვის დროს დაიძაბა. დაუდგენელი დემენცია, პოსტ-ტრავმული ფსიქიკური აშლილობა და ნევროლოგიური დაავადებები ის დიაგნოზებია, რომელთა საფუძველზე მარიამ ჯიშკარიანი ექს-პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვს და დასმულ დიაგნოზებს საკუთარი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ექსპერტიზით ამყარებს. დღევანდელ სხდომაზე დაკითხეს კიდევ ერთი უცხოელი ექიმი-ტრავმატოლოგი და ორთოპედი. ჯეიმს კობი 8 ოქტომბერს პირადად ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე ასკვნის, რომ სააკაშვილს მარცხენა მხრის და მენჯ-ბარძაყის ართრიტი აქვს, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. მედიკოსის ვარაუდით, დაავადება გლდანის ციხეში გადაყვანის დროს არასათანადო მოპყრობისას განვითარდა. ექიმს ინტოქსიკაციის ეჭვიც აქვს. ორივე ვერსიას პენიტენციური სამსახური კონკრეტული კვლევების საფუძველზე კატეგორიულად გამორიცხავს.