მიხეილ სააკაშვილის შემოსვლის და დაკავების ოპერაციის დეტალები ამ დრომდე გასაიდუმლოებული რჩება.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ ექს-პრეზიდენტი ქვეყანაში 29 სექტემბერს შემოვიდა, ანუ დაკავებამდე ორი დღით ადრე. სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე სამი პირია დაკავებული. ელგუჯა ცომაიას შემდეგ მისი ნათესავები, მამა-შვილი წოწორიებიც აიყვანეს, რომლებმაც გამოძიების ინფორმაციით, ექს-პრეზიდენტი სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიიყვანეს, საიდანაც ის თბილისში ჩამოვიდა და ცომაიას ბინაში დაბინავდა. როგორ გადაკვეთა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი – ამ ფაქტს უკრაინის სასაზღვრო სამსახურიც სწავლობს, სამსახურებრივი გამოძიების დასრულებამდე საზღვრის დაცვის ოდესის სამმართველოს ხელმძღვანელს უფლებამოსილება შეუჩერდა.