მიხეილ სააკაშვილის საქმეზე განმარტებებს აკეთებენ პოლიტიკოსები.
კომენტარები გაკეთდა მედიაში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სატვირთოს მისაბმელში და სავარაუდო გატაცებაზე საუბრობს. „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, რაიმე ალტერნატიულ სცენარზე საუბარი დაუშვებელია, რადგან ფაქტი ერთია, რომ მიხეილ სააკაშვილი დაპირებისამებრ შემოვიდა ქვეყანაში და ის საქართველოშია. შემოსვლისას კი ძალადობას და დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.
პოლიტიკოსები სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხსაც ეხმაურებიან. მმართველი გუნდის განცხადებით, სააკაშვილი თანასწორია კანონთან და მის შემთხვევაში მიდგომა იქნება ზუსტად ისეთივე, როგორც სხვა პატიმრების შემთხვევაში. გავრცელებული ვიდეოჩანაწერი კი „ქართული ოცნებისთვის“ პროვოკაციის მოწყობის მცდელობის ერთ-ერთი მაგალითია.