სააკაშვილის საქმე - გზავნილები უკრაინიდან

დიდი ალბათობით მიხეილ სააკაშვილის დაკავება იქნება კიევში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრების ერთ-ერთი თემა.

კახა კუჭავა უკრაინის დედაქალაქში ჰოლოკოსტის ყველაზე მძიმე გამოვლინების მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდა. ღონისძიებაზე იმყოფებიან უკრაინის პრეზიდენტი და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. უკრაინაში საქართველოს ახალი ელჩი იურიდიული საფუძვლების არ არსებობის მოტივით უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნას გამორიცხავს. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელის მიერ უკრაინის საზღვრის კვეთის ფაქტს უკრაინის სასაზღვრო სამსახურიც იკვლევს. დაკავების გარემოებებზე კი საქართველოს საელჩოს წარმომადგენლის მხრიდან საგარეო უწყება უკვე ინფორმირებულია.