საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის უცხოეთის კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდა სტრასბურგიდან ექსპრეზიდენტის ადვოკატმაც, რომელმაც სააკაშვილის ოჯახის წევრებთან და დეპუტატების ნაწილთან ერთად, პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ ევროპარლამენტარები ანა ფოტიგა და მირიამ ლექსმანი. ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს სააკაშვილის გათავისუფლება ჰუმანიტარულ საფუძვლებით და მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. თავის მხრივ, ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს სააკაშვილის ოჯახის წევრების თხოვნა. მათი თქმით, არსებობს კანონიერი გზები სააკაშვილის გასათავისუფლებლად მკურნალობის მიზნით. როგორც ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა განაცხადა, ის ფიქრობს, რომ ევროპარლამენტის წევრები კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის საქართველოს მთავრობას ერთ-ერთ პირობად მოსთხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საკითხი გადაჭრას.