რეზონანსული აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილის ის განცხადებაც, რომელიც მთავრობის ახალი ინიციატივის საპასუხოდ გაკეთდა.
ყოფილი პრეზიდენტი პირობას დებს, რომ გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს მილიარდნახევარ ლარს მოატანინებს. ეს ის თანხაა, რომლის გამოყოფას ფონდი „ქართუ“ შავ სიაში მოხვედრილი 600 000-ზე მეტი მოქალაქის სესხების ჩამოსაწერად აპირებს. ამ კონტექსტში ყოფილმა პრეზიდენტმა მისი მმართველობის დასაწყისი და ის ბიზნესმენები თუ ჩინოვნიკები ახსენა, რომლებსაც ვარდების რევოლუციის შემდეგ სოლიდური თანხის გადახდა მოუხდათ.
თანაგუნდელების არაერთი განმარტების მიუხედავად, ექს-პრეზიდენტის გზავნილები პოლიტიკურ წრეებში პირდაპირ მუქარად შეფასდა.