მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა. მათ შორის იყო მთავრობის ადმინისტრაცია და მშვიდობის ხიდი. მშვიდობის ხიდზე აქციის გამართვა ნიკა მელიას და მისი თანამოაზრეების იდეა იყო. მთავრობის ადმინისტრაციასთან კი აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი და მისი მხარდამჭერები მართავდნენ. აქციები მიზანი სააკაშვილის მხარდაჭერაა, ისინი მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ. ორივე აქციის მონაწილეებს ჟურნალისტების იმ შეკითხვაზეც უწევდათ პასუხის გაცემა, თუ რატომ ჩატარდა აქციები სხვადასხვა ლოკაციაზე.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ერთდროულად საქართველოს რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობდა. „თავისუფლება მიშას“, „ნუ მოკლავთ კიდევ ერთ პრეზიდენტს“- ამ შინაარსის პლაკატებით შეიკრიბნენ ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მხარდამჭერებთან ერთად. ისინი მიხეილ სააკაშვილის უცხოეთის კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვენ. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა ქუთაისშიც, პარლამენტის ყოფილ შენობასთან. აქციის მონაწილეები ქვეყნის ხელისუფლებას მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად დაუყოვნებელი ზომების მიღებისკენ მოუწოდებდნენ. , „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის შესასვლელთანაც შეიკრიბნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციებს აფასებენ პოლიტიკოსები. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, პარტიებს სხვადასხვა პოზიცია აქვთ და მისი გათავისუფლება მხოლოდ სააკაშვილის პარტიას სურს. ალუდა ღუდუშაურის განცხადებით კი, მნიშვნელოვანი დღესასწაულის, პატრიარქის საიუბილეო თარიღების აღნიშვნის ფონზე, ადამიანები, ვისაც ქვეყნის კეთილდღეობა არ უხარიათ, ყურადღების მიღმა დარჩნენ.