საქართველოში დღეს მიხეილ სააკაშვილისადმი სოლიდარობის აქციები უნდა გაიმართოს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დედაქალაქში რამდენიმე ლოკაციაზე გეგმავს შეკრებას, ასევე აქციები დაგეგმილია ქვეყნის სხვა ქალაქებშიც. 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს სოლიდარობის აქციისკენ რუსმა ბლოგერმა და უფლებადამცველმა, მარკ ფეიგინმა მოუწოდა. ამ მოწოდების მიხედვით, საქართველოს მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის სოლიდარობის მიზნით აქციები უნდა ჩატარდეს უცხოეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან.
საქართველოში დაგეგმილი აქციები კი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მორიგი შიდა დაპირისპირების მიზეზი უკვე გახდა. ნიკა მელიას მიერ დაანონსებულ აქციას მშვიდობის ხიდზე არ უერთდება ლევან ხაბეიშვილი, რომელიც აქციის გამართვას მთავრობის ადმინისტრაციასთან გეგმავს.