მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმის განხილვა თავიდან დაიწყება. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის ცვლილების გამო, სასამართლო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს ხელახლა განიხილავს. ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო. მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელსაც დაცვის მხარე ეწინააღმდეგებოდა. ადვოკატები მიხეილ ჯინჯოლიას პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ადანაშაულებენ. ადვოკატის მტკიცებით, ხელისუფლებას აქვს შიში, რომ წინასაარჩევნოდ ამნისტიით ან სხვა მექანიზმით შესაძლოა, სააკაშვილი გათავისუფლდეს, ამიტომ სასამართლო გათავისუფლებისთვის ხელისშემშლელ მექანიზმებს ეძებს. ადვოკატებმა ამ გადაწყვეტილების გამო მოსამართლის აცილებაც მოითხოვეს, თუმცა მიხეილ ჯინჯოლიამ განაცხადა, რომ აცილების საფუძვლებს ვერ ხედავს. პროკურორის განმარტებით, მოსამართლის ცვლილების გამო, საზღვრის კვეთაზე განხილვის თავიდან დაწყება და მოწმეების ხელახლა დაკითხვა აჩენს ეჭვებს, რომ სააკაშვილმა შესაძლოა, მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს. სხდომაზე ბრალდების მხარემ მოსამართლის ცვლილების გამო მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევის შუამდგომლობა დააყენა. მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.