მიხეილ სააკაშვილის ახალი მოწოდება და კიდევ უფრო გაღრმავებული შიდა პარტიული კრიზისი.
ორი კვირა რჩება ყოფილი პრეზიდენტის მიერ თანაგუნდელებისთვის მიცემული ვადის ამოწურვამდე. თუმცა ინიციატივას, რომ 23 ნოემბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა მთავარ საკითხებზე ერთობლივი მანიფესტი შეიმუშაონ, პარტიის შიგნით არაერთგვაროვნად შეხვდნენ. ახალ მენეჯმენტთან დაპირისპირებული ნიკა მელია და მისი გუნდი იდეას სკეპტიკურად უყურებს და კეზერაშვილ-მერაბიშვილის არაფორმალური მმართველობის დასრულებამდე ერთობის მიღწევის შანსს ვერ ხედავს. მელიას გუნდი ჯერ ისევ ფიქრობს, პოლიტიკური საქმიანობა პარტიაში თუ მის გარეთ გააგრძელოს, თუმცა ექს-პრეზიდენტმა ყველა გააფრთხილა, რომ მანიფესტზე ხელის არ მოწერა „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლას ნიშნავს. ბუნდოვანია ისიც, ვის მხარეს არის მიხეილ სააკაშვილი. ჯერ კარისკენ მითითების და მოგვიანებით ყოფილი თავმჯდომარის შექების შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკა მელიას ირიბად პირად ამბიციებსა და წყენაზე მიუთითა და პირდაპირ უთხრა, რომ ლევან ხაბეიშვილი ლეგიტიმურად არის არჩეული.