შეკვეთილ სტატიებში, რეზოლუციებსა და ცნობილ დასავლელ პოლიტიკოსებთან კომუნიკაციის მცდელობებში დახარჯული თითქმის მილიონი დოლარი – მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებად წარმოებული რამდენიმეთვიანი ლობისტური კამპანია და ამ კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მწვავე პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემა ხდება. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტის ფარგლებში გამოქვეყნებული დოკუმენტები მმართველი გუნდისთვის პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ყოფილი პრეზიდენტის გარემოცვა თვეების განმავლობაში სააკაშვილის გასათავისუფლებლად ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით იყო დაკავებული. იგულისხმება ამერიკული ლობისტური კომპანიების ის გეგმა, რომელიც ექს-პრეზიდენტის საკითხის გამო საქართველოს მიმართ საერთაშორისო სანქციების დაწესების ლობირებას გულისხმობდა. ლობისტური კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ეს აქტივობა კითხვებს აჩენს ოპოზიციის ნაწილშიც.