კვლავ განხილვის თემაა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული საქმიანობის მონაცემები, რომელიც სააკაშვილი- ალასანიას დაქირავებულმა ლობისტურმა კომპანიამ შეასრულა. ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ ლობისტური კომპანიის დაქირავება მისაღებია, თუმცა, ქვეყნისთვის სანქციების დაწესებისკენ მიმართული მცდელობები მიუღებელია. „ქართული ოცნების“ წევრების შეფასებით, აღნიშნული დოკუმენტაციით დგინდება, რომ მიმდინარეობდა მიზანმიმართული შეტევა საქართველოს წინააღმდეგ. შეგახსენებთ, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოყენებულ მონაცემებში საუბარია, რომ სააკაშვილი-ალასანიას დაქირავებულმა კომპანიამ სხვადასხვა სახის აქტივობები განახორციელეს, რომლებიც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციების მიღებას, სანქციების დაწესების მცდელობას საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის ორგანიზებას, აგრეთვე პოლონელი ექიმების ქმედებებს. გარდა ამისა, გუშინ ცნობილი გახდა მორიგი დოკუმენტაციის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობაზე, რომელიც უცხოური მედიისთვის მომზადებულ მასალებს ეხება.