შეკვეთილი სტატიები მსოფლიოს გავლენიან გამოცემებში – ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ახალ დოკუმენტებს აქვეყნებს.
საუბარია იმ მასალებზე, რომლებსაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ დაქირავებული ამერიკული ლობისტური კომპანიები უცხოური მედია-საშუალებებისთვის ამზადებდნენ. ყველა მასალაში საერთო გზავნილია, რომ ექს-პრეზიდენტი, სავარაუდოდ, წამების მსხვერპლია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხეშია. დასახელებულია კონკრეტული პუბლიკაციებიც, რომლებიც ლობისტური კამპანიის ფარგლებში დაიბეჭდა. თუმცა, მედიასთან ურთიერთობა კამპანიის მხოლოდ ნაწილია. ამერიკაში მოქმედი უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტის ფარგლებში ცნობილი ხდება, რომ სააკაშვილის ოჯახის მიერ აყვანილი უცხოური ლობისტური კომპანიების ექვსთვიანი საქმიანობა სხვა აქტივობებსაც მოიცავდა. მათ შორისაა ევროპარლამენტის ცნობილი რეზოლუციები, სადაც მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანაა მოთხოვნილი, ექს-პრეზიდენტის შესაწყალებლად სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაციის მცდელობები, მაგნიტსკის სიის შედგენა და მასში სააკაშვილის შეყვანა, საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად ამერიკელ სენატორებთან კომუნიკაცია. ჯამში თითქმის მილიონი დოლარით დაფინანსებული კამპანია პოლიტიკურ წრეებში ახალი ვნებათაღელვის თემაა.