სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება.

ამჯერად მიზეზი სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოწვეულ ექიმთა დასკვნაა. მედიკოსები, რომლებმაც ყოფილი პრეზიდენტი 2 აპრილს მოინახულეს, მის ჯანმრთელობას კიდევ უფრო დამძიმებულად მიიჩნევენ და მძიმე შედეგებს არ გამორიცხავენ. წონის მკვეთრ კლებას და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას არც კლინიკა „ვივამედი“ უარყოფს, თუმცა საავადმყოფოს ხელმძღვანელი მიზეზად პაციენტის მხრიდან ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის საჭირო საკვები კალორაჟის მიღებაზე უარს ასახელებს. სხვადასხვა კვლევის ჩატარების შემდეგ ზურაბ ჩხაიძის პოზიციაა, რომ საკვების არ მიღების რაიმე ხელისშემშლელი პირობა არ არსებობს. თუ მის განცხადებას დავეყრდნობით, სააკაშვილი შეთავაზებული კალორაჟის დაახლოებით მესამედს იღებს.