მეორე დღეა, პოლიტიკური შეფასებების თემაა ყოფილი პრეზიდენტის განცხადებები, არჩევნების წინ მის გააქტიურებასთან და პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადატანასთან დაკავშირებით. სააკაშვილი აცხადებს, რომ სწორედ 2024 წლის არჩევნები გადაწყვეტს ქვეყნის ბედს და ის მზად არის, ამ პროცესში ბრძოლის წინა ხაზზე გამოვიდეს.
ყოფილი პრეზიდენტის ამ განცხადებებს არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა პოლიტიკურ აქტორებს შორის. „ნაციონალურ მოძრაობაში“ უშუალოდ მის მოწოდებასთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა აცხადებენ, რომ სააკაშვილი პარტიის უპირობო ლიდერად რჩება.
ქუჩის აქციების იდეას ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი არ იზიარებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ახლა მთავარი საარჩევნო სამზადისია. „ქართულ ოცნებაში“ კი მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის განცხადებები რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებსა და ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების ალიანსს ნათლად ადასტურებს.