ქართული პოლიტიკისგან ჯერ დისტანცირებული და ახლა საკმაოდ გააქტიურებული მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს ახალი გზავნილებით მიმართავს.
საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე ექს-პრეზიდენტი დისტანციურად ჩაერთო და ჩართვა ამჯერადაც პოლიტიკური განცხადებებისთვის და საკუთარი თავის სამართლებლად გამოიყენა. ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებას უარყოფს, მისი მმართველობის პერიოდთან დაკავშირებული არამიზნობრივი ხარჯების ნაწილს კი მიზნობრივად აცხადებს. კლინიკაში მყოფი სააკაშვილი საკუთარ თავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით ანტიკორუფციული მოძრაობის სიმბოლოდ მიიჩნევს და პარალელებს ავლებს რუს ოპოზიციონერ ლიდერ ალექსეი ნავალნისთან. ექს-პრეზიდენტმა დღეს ირიბი მინიშნებები მისი გათავისუფლების გზებზეც გააკეთა. ეს გზა ამ ეტაპზე მხოლოდ შეწყალებაზე გადის მიხეილ სააკაშვილის გუნდისთვის, რომელიც ამ მიზნით ხელმოწერებს აგროვებს და პრეზიდენტისადმი მოწოდებებს ააქტიურებს.