მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ევროპარლამენტის კიდევ ერთ რეზოლუციაში ჩნდება.
შესწორების სახით შესული ჩანაწერის ავტორი ანა ფოტიგაა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებისკენ მოუწოდებს. მოწოდებას ევროპარლამენტარი კლინიკაში მყოფი პატიმრის სიკვდილისგან ხსნის და პოლარიზაციის შემცირების მოლოდინით ამყარებს. პოლონელი დეპუტატის მიერ ინიცირებულ ჩანაწერს თბილისში საკმაოდ დიდი პოლიტიკური ვნებათაღელვა მოჰყვა. ხელმოწერების შეგროვების პარალელურად ექს-პრეზიდენტის პარტიამ მოქმედი პრეზიდენტის მისამართით შეწყალების მოთხოვნა გაააქტიურა. ოპოზიციის ნაწილისთვის სწორედ სააკაშვილის თავისუფლებაზე გადის ევროკომისიის ცხრაპუნქტიანი დავალების შესრულება.
მწვავეა მმართველი გუნდის რეაქცია. „ქართული ოცნებიდან“ დღეს ევროკავშირს ცალკეული ევროპარლამენტარების განცხადებებისგან გამიჯვნისკენ მოუწოდეს. შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ბოლო პერიოდში პოლიტიკურად საკმაოდ გააქტიურებულ მიხეილ სააკაშვილს – „არა და არასდროს“ – პრეზიდენტის ამ ცნობილი განცხადების ფონზე ტონი დღეს შედარებით შერბილებულია, რაც სალომე ზურაბიშვილის ახალი ინტერვიუთიც დადასტურდა.