მაჟორიტარების საკითხზე კონსენსუსის ვერ მიღწევის და გადაჯგუფებების გარდა, ოპოზიციურ სპექტრში დაძაბულობა მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადებებმა კიდევ უფრო გაამწვავა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებას პროგნოზირებს და მთავრობის ფორმირებაც მხოლოდ საკუთარი პარტიის მხრიდან წარმოუდგენია. „ძალა ერთობაშია“-ს ყველაზე მსხვილი პარტიის ლიდერი მომავალ პოლიტიკურ პარტნიორებზეც საუბრობს, თუმცა მათ შორის აღარ მოიაზრებს და ბნელ მხარეზე გადასულს უწოდებს გიორგი ვაშაძეს, რომელმაც ერთი კვირის წინ თაკო ჩარკვიანთან ერთად „ძალა ერთობაშია“-ს რიგები დატოვა. უკრაინიდან მიღებულმა ახალმა გზავნილებმა ოპოზიციურ პარტიებს შორის მწვავე რეაქციები გამოიწვია. არანაკლებ რეზონანსული აღმოჩნდა სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნის წერილობითი მიმართვაც. შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ოპოზიციურ ძალებს საარჩევნო სტრატეგია დაუწუნა და ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს პოლიტიკური ვაჭრობა უწოდა.