სააკაშვილის ციხეში გადაყვანის მოთხოვნა

გიორგი გახარიას გუნდის მოთხოვნა პოლიტიკური ვნებათაღელვის თემაა.

მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნების ინიციატივას ექს-პრეზიდენტის უმძიმესი რეაქცია მოჰყვა. „ვივა-მედში“ მყოფი ყოფილი პრეზიდენტი ინიციატორებს „არარაობებად“ მოიხსენიებს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში ჯანმრთელობის მკვეთრად დამძიმებას პროგნოზირებს.

რიტორიკას არ ცვლის „ქართული ოცნება“, რომელიც გახარიას და მის პოლიტიკურ ძალას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში ადანაშაულებს. მმართველი პარტიისთვის წინასაარჩევნო გეგმის ნაწილია სააკაშვილთან დაკავშირებული მოთხოვნა, რასაც თავად ყოფილი პრემიერის გუნდი კანონის აღსრულების აუცილებლობით ასაბუთებს. ბოლო რამდენიმე თვეა, ექიმები ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ტენდენციაზე მიუთითებენ, რასაც მისი პოლიტიკური აქტივობებიც ადასტურებს. თუმცა, კლინიკიდან ციხეში გადაყვანის საკითხი ჯერ დღის წესრიგში არ დგას.